მთავარი კონცეფცია
 ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ ოფიციალურ ანიმაციურ ვიდეოს,
რომელიც მომზადებულია JWT Metro-ს მიერ
ანბანით მოთხრობილი საქართველო
კონცეფცია - CONNECT
კონცეფციის ტექსტის ავტორი - აკა მორჩილაძე 
ბრენდინგი - გია ბოხუა, კახა კახაძე, თაკო ჭაბუკიანი
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მის გასაცნობად მაინც ღრმად ჩასუნთქვაა საჭირო იმიტომ, რომ საქართველომ ფეხაკრეფით შემობიჯება არ იცის, არამედ ერთბაშად შემოვარდნა. 
ეს შემოვარდნა ხმამაღალია, მხიარული, ძველი, ახალი, რაღაცნაირად ზრდილობიანი, რაღაცნაირად დამღლელი, საუკუნოვანი წესრიგით გამყარებული, რიგის დაუცველად უწესრიგო, მოუზომავი და დეტალური. ხრიოკი ჯავახეთიდან სერპანტინით გადახვალ სუბტროპიკულ აჭარაში, რომლის მცხუნვარე ზღვისპირიდან თოვლიანი მთები ჩანს, ღვინის ჭიქას და ცხელ პურს კი წამოჰყვება მიტინგების ხმები, სწორედ მაშინ, როცა სვანეთის მთებში კოშკებად ნაგები უშგული უცებ შეენაცვლება თბილისის ოპერასა და კაკლის ხის ჩრდილში მთვლემარე გლეხთა სიზმრებს.   
ყოველივე ამის შემკვრელი და გამაერთიანებელი კი ისაა, რაც საქართველოს მარადისობის მთავარ სიმბოლოდ წარმოგვიდგება  ქართული დამწერლობა - 33 ასო-ნიშანი, რომელმაც ამდენი საუკუნე გამოატარა საქართველო და მის შემკვრელად,  მისი მრავალფეროვნების მთავარ გამაერთიანებლად წარმოდგა.
საქართველოში არაფერი ისე არ ჰგავს საქართველოს, როგორც ქართული ანბანი. 
არაფერი ისე არ ეხამება ქართულ სიტყვას და ქართულ ხასიათს, როგორც ქართული ანბანი და არაფერი არაა ისე ქართული, როგორც ქართული ანბანი. Ⴐა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი რამ არ ვიცით ჩვენი ანბანის შესახებ და იმავდროულად ვიცით უამრავი რამ. ქართული ანბანი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ ორიგინალურ დამწერლობათა შორის. ხოლო თავად ჩვენი ენა არ მიეკუთვნება არც ინდოევროპულ, არც სემიტურ ან სხვა ოჯახთა ენებს, ის მსოფლიოში გავრცელებულ ენათა შორის ქართველურ ენათა განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის და თავისი აგებულებით უნიკალურ ენობრივ სისტემას წარმოადგენს. 
ქართული ანბანი მწერლობის ძველი, გამოცდილი, მოქნილი, ლამაზი იარაღია: უხსოვარი დროიდან დაჩვეულია ხასიათების ძერწვას, ლექსთა წყობას, ისტორიის თხრობას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს არსებობის სამუდამო შენახვას, მისი გულის გადაშლას, სიხარულის და დარდების უკვდავყოფას. 
ქართული ანბანის 33 ასო-ნიშანი 33 კარია საქართველოს ოცდაცამეტი სურათისა და ხმისათვის, რომელთა გაცოცხლებაც სწორედ ჩვენი ანბანის ჯადოსნური წყობითაა შესაძლებელი.