მთავარი ყველა სიახლე საქართველო ბერლინალეზე

საქართველო ბერლინალეზე

06 თებერვალი, 2018

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ იქნება წარმოდგენილი. ბერლინის ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ზურაბ მაღალაშვილი,  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - დავით ვაშაძე, საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში - თამარ ტატიშვილი და კინოცენტრის სხვა წარმომადგენლები.

16 თებერვალს ბერლინალეს სექციაში Panorama შედგება თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი“ მსოფლიო პრემიერა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა, მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ “ამომავალ ვარსკვლავს” შორის მოხვდა. Shooting Stars - ამ ნომინაციაში ქართველი მსახიობი რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის მოხვდა. კატეგორიის ნომინანტი მსახიობები 4 დღის მანძილზე (16-19 თებერალი, 2018) დაესწრებიან ვორქშოპებს, შეხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კასტინგის დირექტორებს, 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო - European Shooting Stars Award გადაეცემა.

სექცია BERLINALE CLASSICS მაყურებელს მსოფლიოში ათწლეულების წინ აღიარებული 7 ფილმის აღდგენილი ვერსიების მსოფლიო პრემიერებს შესთავაზებს. მათ შორის ერთ-ერთი მიხეილ კალატოზიშვილის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი - „მიფრინავენ წეროები“ იქნება.

Market Screenings-ის ფარგლებში, რომელიც დისტრიბუტორებისთვის ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს, გაიმართება ზაზა ხალვაშის ახალი ფილმის „ნამე“ ჩვენება.

14-22 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას, ბერლინში კრიტიკოსთა კვირეული გაიმართება. კვირეულს ანა ურუშაძის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის - "საშიში დედა" გერმანული პრემიერა გახსნის.

ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პლატფორმაზე Berlinale Talents წელს 3 ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება წარმოდგენილი:
ანა სარუხანოვა - რეჟისორი
რატი წითელაძე - რეჟისორი, პროდიუსერი
ნინო ვარსიმაშვილი - სცენარისტი, პროდიუსერირატი წითელაძე და ნინო ვარსიმაშვილი მათ პროექტს „ცარიელი სახლი“ პარალელურად Talent Project Market-ზე წარადგენენ, სადაც იგი 10 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პროექტები პროდიუსერებსა და გაყიდვების აგენტებს წარუდგინონ და პოტენციური პარტნიორები მოიძიონ.

ქართული მხარე აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობაზე. Coproduction Market განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სივრცეა პროდიუსერებისთვის.

გარდა ამისა, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ბერლინის კინიფესტივალის ფარგლებში გაიმართება დამატებითი შეხვედრები შემდეგი ქვეყნების კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან: შვედეთი, ბელგია, ავსტრია. სამუშაო შეხვედრების მიზანია, ქართველი და უცხოელი პროდიუსერებისა თუ რეჟისორების ხელშეწყობა კოპროდუქციული ნამუშევრების შესაქმნელად, რაც ქართულ კინოინდუსტრიაში  უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. პრეზენტაციებისას წარმოდგენილი იქნება 12 ქართული სრულმეტრაჟიანი  პროექტი, რომლებსაც უკვე მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება ან განვითარების გარკვეულ ეტაპზეა.

 პროექტებს უცხოელი კოლეგების წინაშე 10 ქართველი კინოპროფესიონალი წარადგენს:
"სამგლე" - რეჟისორი იოანე ფეზუაშვილი
"უხერხემლო" - რეჟისორი გრიგოლ აბაშიძე
"ოთარის სიკვდილი" - რეჟისორი იოსებ ბლიაძე
"ზამთრის დეპრესია" - პროდიუსერი ვალერიან კირკიტაძე
"მკვლელობები" - პროდიუსერი ვალერიან კირკიტაძე
"ველი" - პროდიუსერი ნოდარ ნოზაძე
"ნინა" - პროდიუსერი დავით ისაკაძე
"ჩემი სახლი ტყის პირას" -  პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი
"სასაზღვრო თამაშები" - პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი
"პანთეონი" - პროდიუსერი არჩილ ქავთარაძე
"სიკვდილამდე ერთად" - პროდიუსერი პაატა გოძიაშვილი
"ვენეცია" - რეჟისორი რუსუდან ჭყონია

კოპროდუქციის ბაზრობის ფარგლებში  19 თებერვალს გაიმართება Books at Berlinale. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლობის ფარგლებში, Books at Berlinale-სთვის ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად შეირჩა. ბერლინში დაგეგმილ ფიჩინგზე კინოადაპტაციით დაინტერესებული საერთაშორისო კინოპროფესიონალების წინაშე დათო ტურაშვილის რომანი "სხვა ამსტერდამი" წარდგება, რომელიც 12 საუკეთესო ნაწარმოებს შორის მოხვდა.

20 თებერვალს მექლენბურგ-ფორპომერნის ბუნდესლანდის წარმომადგენლობა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი გამართავენ მნიშვნელოვან მიღებას საქართველოს სახელით. მიღება მიეძღვნება საქართველოს მონაწილეობას 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საპატიო სტუმრის რანგში. წვეულებას დაესწრებიან არამხოლოდ კინოს სფეროს წარმომადგენლები, არამედ დიპლომატიური კორპუსი და წამყვანი გერმანული გამომცემლები. სტუმრებს შორის იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტიც.
 
 
 

ყველა სიახლე