მთავარი ყველა სიახლე გურიელი - რუსთაველის ქვეყნიდან

გურიელი - რუსთაველის ქვეყნიდან

26 სექტემბერი, 2018

ჩაის ქართული ბრენდი ‘გურიელი’ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ცხრა სახეობის ჩაის საკოლექციო გამოშვებით ‘გურიელი - რუსთაველის ქვეყნიდან’ და ამავე დასახელების  გერმანულ-ინგლისურენოვანი ჟურნალით წარდგება, რომელიც დიდი ქართველი პოეტის, უკვდავი პოემის ‘ვეფხისტყაოსნის’ ავტორის შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავს ეძღვნება. სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოცემული ჟურნალი მკითხველს ‘ვეფხისტყაოსნის’ თარგმანების და ილუსტრაციების ისტორიასთან ერთად, რუსთველის სამშობლოს-საქართველოსაც  გააცნობს.

პირველი საკოლექციო გამოშვება 2018 წლის დასაწყისში ქართულ და ინგლისურ ენებზე განხორციელდა. საკოლექციო გამოშვების გერმანული ვერსია სპეციალურად მიეძღვნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას.

პოეტის წოდების ‘რუსთაველი’ თითოეულ ასოს შეესაბამება თითო სახეობის ჩაი - ტრადიციული შავი, ტრადიციული მწვანე, ერლ გრეი, აყვავებული ჟასმინი, ველური პიტნა, ალპური კენკრა, მინდვრის გვირილა, თოვლის ვარდი, მესხური ჭინჭარით. თითოეული ასოს შესაბამისად შერჩეული აფორიზმი განთავსებულია ჩაის კოლოფზე.

გურიელის საკოლექციო ჩაის ინგლისურენოვან გამოშვებაში  გამოყენებულია აფორიზმები მარჯორი უორდროპისა და ლინ კოფინის თარგმანებიდან, გერმანულენოვან ვერსიაში გამოყენებულია აფორიზმები მიხეილ წერეთლის, ჰუგო ჰუპერტის და მარია პრიტვიცის თარგმანებიდან.

ქართულ საკოლექციო ნაკრებში წარმოდგენილია ქართველი და არაქართველი მხატვრების მიერ შესრულებული შოთა რუსთაველის პორტრეტები.

ინგლისური ვერსია მთლიანად აქვს დათმობილი  უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის  მიერ შესრულებულ რეპროდუქციებს, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში სპეციალურად შეიქმნა ‘ვეფხისტყაოსნისათვის’.

გერმანულენოვანი კოლექციისათვის შეირჩა ‘ვეფხისტყაოსნის’ ე.წ. ‘წერეთლისეული’ ხელნაწერის მინიატურები, რომლებიც  გამოყენებულია მიხეილ წერეთლის და ჰუგო ჰუპერტის თარგმანების გამოცემებში.

პროექტი განახორციელდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის - ხელოვნების სასახლესთან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან  თანამშრომლობით.




 

ყველა სიახლე