მთავარი ყველა სიახლე თბილისი ჩემს ფიქრებში

თბილისი ჩემს ფიქრებში

27 სექტემბერი, 2018

გამოფენა „თბილისი ჩემს ფიქრებში“ ქართული ანბანისადმი მიძღვნილი პირველი გამოფენაა ევროპაში. ექსპოზიცია 100-ზე მეტ უნიკალურ ექსპონატს მოიცავს. აქ თავმოყრილია  ნიმუშები როგორც საქართველოს ხელოვნების სასახლიდან, ისე კერძო კოლექციებიდან. ოფენბახის კლინგშპორის მუზეუმში მისული დამთვალიერებელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, ქართული ანბანის ისტორიას მე-5 საუკუნიდან გაეცნობა, იხილავს იშვიათ ხელნაწერებს გადაწერილს კალიგრაფიის დიდოსტატების მიერ, პერგამენტზე და ქაღალდზე  შესრულებულ ძვირფას მინიატურებს, ადამიანის ფიგურებით შექმნილ ანბანის იშვიათ ნიმუშებს. ექსპოზიციაში ჩართულია რომსა და თბილისში გამოცემული პირველნაბეჭდი წიგნები, რომლებიც კარგად ასახავენ გვიან შუა საუკუნეებში წიგნის ბეჭდვის ინდუსტრიასა და ისტორიას. ექსპოზიციის გამორჩეული ნაწილია საბჭოთა პერიოდში შექმნილი შრიფტის ნიმუშები, პროპაგანდისტული აფიშები, ანბანით გაფორმებული ფუტურისტული და კუბისტური ნამუშევრები.

ქართულ ალფაბეტს ამოუხსნელ სფინქსს ადარებენ, ამიტომ ინგლისელი ორიენტალისტი უილიამ ედუარდ დევიდ ალენი  (1901-1973) წერდა:  “ ქართული ენის ბგერათა სიუხვესა და მრავალფეროვნებას ქართული ანბანი სრულიად და ზუსტად გამოხატავს; ყოველ ცალკეულ ბგერას ცალკეული ასო-ნიშანი შეესაბამება, ყოველი ასო-ნიშანი ზუსტად და მკაფიოდ გამოითქმის; ამ თვალსაზრისით ვერც ერთი სხვა ანბანი ქართულ ანბანს ვერ შეედრება“...  კლინგშპორის მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს სწორედ ამ უნიკალური და  უნივერსალური საწერი ნიშნების თავგადასავლის ნახვის საშუალება ექნება.

გამოფენის კურატორები: გიორგი კალანდია, შტეფან შოლტეკი
გამოფენა მიმდინარეობს 4 ოქტომბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით
გამოფენის გახსნის დრო - 19 საათი
მისამართი: Herrnstraße 80. 63065 Offenbach .Klingspor-Museum




 

ყველა სიახლე