მთავარი ყველა სიახლე სტატუსის გადაცემის ცერემონიალი

სტატუსის გადაცემის ცერემონიალი

04 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალურად გადაეცემა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. ამ უმნიშვნელოვანეს სტატუსს ჩვენი ქვეყანა საფრანგეთისგან მიიღებს.  გადაცემის ცერემონიალი წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კულმინაციური მომენტია, როდესაც ერთი ქვეყანა ამთავრებს საკუთარ პროექტს და ასპარეზს მომდევნო საპატიო სტუმარს უთმობს. საქართველო ამ დღისთვის 2014 წლიდან ემზადება, მას მერე, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
 
საპატიო სტუმრის სტატუსის გადაცემის ცერემონიალი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ღონისძებას გახსნის ფრანგული პროექტის გამოსამშვიდობებელი ანიმაცია, შემდეგ კი ფრანგი და ქართველი ავტორები,  ფრედერიკ ბოიე და დავით გაბუნია ისაუბრებენ ქართულ და ფრანგულ ლიტერატურაზე და ორივე ქვეყნის საპატიო სტუმრის პროექტის კონცეფციაზე.

ცერემონიალის შემდეგი ნაწილი დაეთმობა საქართველოსა და საფრანგეთის საპატიო სტუმრის პროექტების ხელმძღვანელების, მედეა მეტრეველისა და პოლ დე სინეტის საუბარს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტთან, იურგენ ბოსთან და გერმანელ მოდერატორთან ერთად. ღონისძიების აღნიშნული ნაწილი დასრულდება საპატიო სტუმრის გრაგნილის ოფიციალური გადაცემით. გრაგნილზე 2017 წლიდან უკვე ქართული ციტატაც იქნება აღბეჭდილი, რომელიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ შეირჩა.

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

საქართველოს მიერ საპატიო სტუმრის სტატუსის გრაგნილის მიღების შემდეგ, დამსწრე საზოგადოება იხილავს ქართული ანბანის კონცეფციაზე შექმნილ მოკლე ანიმაციას. ღონისძების ბოლო ნაწილი დაეთმობა ქართველი მუსიკოსის, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის  მიერ შესრულებულ მუსიკალურ პერფორმანსს. 2017 წლის ოქტომბრიდან ოფიციალურად დაიწყება საპატიო სტუმრის სტატუსით ქართული ლიტერატურისა და კულტურის წარდგენა გერმანულენოვან ევროპაში.​


 

ყველა სიახლე