მთავარი ყველა სიახლე ლიტერატურული პრემია საბა

ლიტერატურული პრემია საბა

02 ოქტომბერი, 2018

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“, რომელიც თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა,  დღეს ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ლიტერატურული ჯილდოა საქართველოში.

ყოველწლიურად ჟიური განიხილავს გასულ წელს ქართულად გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს (რომანი, პროზაული/პოეტური კრებული, დოკუმენტური პროზა, თარგმანი და სხვ.) და ქართული ნაწარმოების უცხოენოვან თარგმანებს.

„საბას“ დაჯილდოების ცერემონია წლის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად მიიჩნევა.  წელს „საბა“ ყველაზე განსხვავებულია - დაჯილდოების მე-16  საზეიმო ცერემონია 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში, Kaisersaal-ში გაიმართება, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა განაპირობა. ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იქნება.

წელს დაემატა სამი ნომინაცია: ჯილდო გაიცემა ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკის, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობისა და  ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის. გამარჯვებული ავტორები, სპეციალურ პრიზთან ერთად ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან, რომელსაც მათ თიბისი ბანკი გადასცემს.

ცერემონიას, ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები.

ღონისძიება დახურულია. მედიის  წარმომადგენლები საშვის მეშვეობით შეძლებენ შესვლას.

დაჯილდოების ცერემონიისთვის  თვალის მიდევნება „თიბისისა“ და „საბას“ ფეისბუქის გვერდების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

პრემია „საბას“ კვალდაკვალ 2012 წელს დაარსდა ღია და მრავალფეროვანი პლატფორმა - ელექტრონული წიგნების სახლი, სადაც,  გარდა იმისა, რომ წარმოდგენილია ქართული და უცხოური ლიტერატურა,  ნებისმიერ ავტორს შეუძლია განათავსოს  და ფართო აუდიტორიას  წარუდგინოს  წარუდგინოს თავისი შემოქმედება.

„საბა“ მრავალი სოციალური და საგანმანათლებლო აქტივობის ინიციატორია,  მათ შორისაა,  „ქალაქი ბიბლიოთეკა“ - საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მწერლების სახელობის  ქუჩებში  წარმოდგენილი უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა, ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია უსინათლოთათვის და სხვა. დღეისათვის  საჩუქრად გაცემულია ნახევარ მილიონზე  მეტი ელექტრონული წიგნი.




 

ყველა სიახლე